იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რიგით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი
ბაღდათში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრი ბაღდათისა და მიმდებარე სოფლების – დიმის, ვარციხის, ზეგნის, პირველი და მეორე ობჩის, ნერგეეთის, როკითის, როხის, საკრაულის, ფერსათის, წითელხევის, ხანის და სხვათა – 27 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება. ცენტრის შენობა, რომლის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, კახიანის ქუჩაზე აშენდა.
ბაღდათის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეცხრამეტეა. ცენტრები ფუნქციონირებს საწირეში, ზედა საზანოში, გეგუთში, შორაპანში, ზეინდარში, მეორე სვირში, ღორეშაში, კიცხში, ხევში, კორბოულში, ხრეითში, დიდ ჯიხაიშში, უსახელოში, ტყიბულში, საჩხერეში, ხარაგაულში, ჭიათურასა და ვანში.
“საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვ,”-ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.