ზესტაფონში, ცენტრალური საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო
სამუშაოების გამო, აღმაშენებლის ქუჩა დაიკეტა. ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელია რუსთაველის, ბიბილაშვილისა და ფარნავაზის ქუჩების საშუალებით.
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების კეთილმოწყობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 8 მილიონ ლარზე მეტია.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დავით აღმაშენებლის ქუჩას, კვალითის დასახლებაში მაღლაკელიძის, შათირიშვილის და მელქაძის ქუჩებს. რეაბილიტაცია ითვალისწინებს, როგორც საავტომობილო გზების, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციების, გარე განათებების, ტროტუარების, ბორდიურების და სანიაღვრე არხების მოწყობას.
მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის ხანგრძლივობა 9 თვეს შეადგენს.