არასამთავრობო ორგანიზაცია “მმართველობის მონიტორინგის ცენტრის” მიერ
გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ჭიათურაში საბაგიროების მშენებლობაზე 40 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა. პროექტი, რომელიც 2016 წელს დაიწყო, 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მშენებლობა დღემდე გრძელდება. მშენებლობის დასრულება სულ მცირე ოთხჯერ გადაიდო, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტორი კომპანია არ შეცვლილა.
“2016 წელს სახელმწიფომ საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოხდა საბაგიროს ძველი სადგურების დემონტაჟი და დაიწყო ახალი სადგურების მშენებლობა. საბაგიროები ექსპლუატაციაში 2017 წლის აპრილში უნდა შესულიყო. მშენებლობის დასრულების ვადამ ჯერ 2018 წლის ზაფხულამდე გადაიწია, ხოლო შემდეგ 2019 წლის მაისამდე. მოგვიანებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტის დასრულების ვადად უკვე 2020 წლის პირველ ნახევარს ასახელებდა, ჩვენთვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში კი – 2020 წლის მეორე ნახევარს. მშენებლობის ვადის დასრულება სულ მცირე ოთხჯერ გადაიდო. ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კონტრაქტორი კომპანია არ შეცვლილა,”-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ ჭიათურაში მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იმყოფებოდა. მან სამგზავრო საბაგიროებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პროექტის გაჭიანურება მისმა სირთულემ გამოიწვია და სავარაუდოდ, პროექტი შემოდგომის პირველ ნახევარში დასრულდება.
“სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ სამუშაოები შემოდგომის პირველ ნახევარში დასრულდება. დასრულება საკმაოდ ბევრი მიზეზების გამო გაჭიანურდა. ეს არის ძალიან კომპლექსურად და რთულად შესასრულებელი ობიექტი, იმიტომ რომ დასახლებულ პუნქტში ხორციელდება, ბევრი ცვლილებაც განიცადა. ბოლო ცვლილების შესაბამისად, უნდა დასრულებულიყო ივლისის თვეში,”-განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ.
ჭიათურაში ფრანგული კომპანიების ,,ტექკაბელისა” და ,,პომას” სპეციალისტებიც ჩავიდნენ. “პომას” წარმომადგენლების თქმით, მშენებლობა უწყვეტ რეჟიმში დაჩქარებული ტემპით გაგრძელდება. ამ დროისათვის დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და 2 მიმართულებით ბაგირის მონტაჟი, დაგეგმილია ოთხივე სადგურის ტესტირება და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე