ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა. ბრალდებულის ადვოკატის, ესმა ნორაკიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
“ის არის მძიმე მდგომარეობაში და მას აქვს პრობლემები, რომელსაც არ ვიტყვი. ის არის ძალიან მძიმედ და საჭიროებს სამედიცინო დახმარებას. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის თვალსაზრისით, არ შევეწინააღმდეგეთ ბრალდების მხარის მიერ პატიმრობის მოთხოვნას. წარდგენილ მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით შემდგომში დავაყენებთ შუამდგომლობებსა და საგამოძიებო მოქმედებებს. ამ ეტაპზე ის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება,”-ამბობს ესმა ნორაკია.
კითვაზე, იქნება თუ არა დაცვის მხარის მოთხოვნა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, ესმა ნორაკია არც უარყოფს და არც ადასტურებს. გარდაცლილის ოჯახის ადვოკატი ციცი ბაბუნაშვილი ამბობს, რომ მსგავს ფაქტზე სხდომაზე რაიმე მინიშნება არ გაჟღერებულა, თუმცა, ბაბუნაშვილი არ გამორიცხავს დაკავებულის ადვოკატმა აღნიშნულზე აპელირება მოახდინოს.
მორიგი სხდომა 10 სექტემბერს გაიმართება.
შემთხვევა ქუთაისში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში 45 წლის ქალმა თავის მეგობართან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.