კომპანია “საქნახშირში” აცხადებენ, რომ მინდელის სახელობის შახტაზე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის
სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ დამხმარე ჭაურის ამწე დანადგარზე არაგეგმიური ტექნიკური ინსპექტირების სამუშაოები დაასრულა. კომისიამ შეადგინა ოქმი, რომლის მიხედვითაც, მინდელის სახელობის შახტის ამწე დანადგარის გამოყენება არ იკრძალება. არსებული ხარვეზები კი გამოსწორებული უნდა იყოს სამუშაოს რეჟიმის პარალელურად, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში.
“ამწე დანადგარის ექსპლუატაცია შეზღუდული არ არის, თუმცა შახტის თანამშრომლები მაინც უარს აცხადებენ მუშაობაზე. მიუხედავად შახტის განვითარების გეგმის არსებობისა, რომელიც გულისხმობს ინფრასტრუქტურის შეცვლას, მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას და ანაზღაურების ახალი სისტემით გაცილებით მეტი თანხის გამომუშავებას, თანამშრომლები ხელფასის მომატებას ითხოვენ,”-აცხადებენ “საქნახშირში”.
კომპანიაში ამბობენ, რომ მეშახტეებს ფინანსური რესურსის არ ქონის გამო ხელფასებს ვერ მოუმატებენ.
“პროფკავშირების გაერთიანების დახმარებით მათ კომპანიას ოფიციალურად მიმართეს დამსაქმებლისთვის დაწესებული 20% შეღავათის თანამშრომელთა ხელფასებზე გადანაწილებისა და ხელფასის გაზრდის მოთხოვნით. იქიდან გამომდინარე, რომ სისტემურად არ სრულდება საწარმოო გეგმიური მოპოვება, ხელფასების ნამატის გაკეთება შეუძლებელია, კომპანიას ამისთვის არანაირი ფინანსური საფუძველი არ გააჩნია. აღსანიშნია, რომ პანდემიის პერიოდში (უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვით), კომპანიამ არ გააჩერა მუშაობა და ძალიან მწირი მოპოვების მიუხედავად ხელფასები შეუმცირებლად, დათქმულ ვადებში გაიცა. მეშახტეების ხელფასების ოდენობა შენარჩუნებულია იმ პერიოდიდან, როდესაც ქვა-ნახშირის მოპოვება მაქსიმალურ ნიშნულზე იყო. ამ დროისთვის მოპოვება თითქმის 12 ათასი ტონით არის შემცირებული. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულებს კომპანია სახელფასო დანამატის სახით ურიცხავს 2019 წლის ინფლაციის მაჩვენებელს 4.9% ოდენობით, რომელიც დასაქმებულთა ხელფასიდან იანგარიშება. ყოველივე ამის პარალელურად, “საქნახშირის” ხელმძღვანელობა აგრძელებს შახტის განვითარების გეგმაზე აქტიურ მუშაობას და ინვესტიციების მოზიდვას. თანამშრომელთან ნაწილის მხრიდან დესტრუქციული ქმედებები კი უარყოფით ზეგავლენას ახდენს შახტის განვითარებაზე, თანამშრომლების წინსვლაზე და მომავალში, რეგიონის განვითარებაზე,”-აცხადებენ “საქნახშირში”.