საქართველოს დაცული ტერიტორიები 15 ივნისიდან
იხსნება. ვიზიტორთა ყველა ცენტრი მუშაობასა და ვიზიტორების მიღებას განაახლებს. მოქალაქეებმა კოვიდ 19-ის გამო დაწესებული რეგულაციები უნდა დაიცვან.
დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაცული ტერიტორიებზე ვიზიტისას სავალდებულოა შემდეგი წესების დაცვა: შენობებსა და დახურულ სივრცეებში (მღვიმეებში), გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირს და პირს; ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა; დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი; რეკომენდირებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან შეიძინეთ ბილეთები დისტანციურად.
ზოგადი რეკომენდაციები კი ასე გამოიყურება:
▪ თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ შეხვიდეთ ტერიტორიაზე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
▪ მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცემინება და ხველა;
▪ ხშირად დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ან თუ შესაძლებელია, დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით;
▪ მოერიდეთ პირზე, ცხვირსა და თვალებზე ხელის შეხებას;
▪ ხველისა და ცემინებისას, პირზე და ცხვირზე, აიფარეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი;
▪ გამოყენებული ხელსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ სანაგვე ყუთში და მაშინვე დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარით, ან თუ შესაძლებელია, დაიბანეთ საპნით.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე