სურსათის ეროვნული სააგენტო სოციალურ ქსელში გავრცელებულ კალიის ფოტოებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” აცნობეს, კალია, რომლის ფოტოებიც სოციალურ ქსელში გვხვდება არის ადგილობრივი ენდემური სახეობა და არ წარმოადგენს საფრთხეს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის.
,,სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები სოციალურ ქსელში გავრცელებული კალიის ფოტოსთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ ეს არის ადგილობრივი ენდემური სახეობა, რომელიც საქართველოში ყოველთვის იყო, არის და იქნება და არაერთხელ უნახავს მოსახლეობას. მას არ ახასიათებს ჯოგური დაჯგუფება და არ წარმოადგენს საფრთხეს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის.შესაბამისად, ასეთი სახის ინფორმაციების გავრცელება და საზოგადოებაში დამატებითი პანიკის შექმნა, გაუმართლებელია. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოს ეგრეთ წოდებული ფეიკფოტოებისა და ნიუსების გავრცელებისაგან.” -წერია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ყოველწლიურად ხორციელდება იტალიური და მაროკოული კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები, რომლებიც ფიქსირდება აღმოსავლეთ საქართველოში-კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
მავნებლის მონიტორინგის და პრევენციის მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, ყოველწლიურად ტარდება ტრანსსასაზღვრო რეგიონული კვლევები. იტალიური კალიის გარდა საქართველოში გავრცელებულია კალიის სხვა ენდემური სახეობები, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ყოველწლიურად აქვეყნებს სხვადასხვა სახეობის, მათ შორის უდაბნოს კალიის მიგრაციის რუკას, რომელიც გავრცელებულია აფრიკის კონტინენტზე, არაბეთის ნახევარკუნძულზე, ერაყისა და ირანის სამხრეთ ნაწილში. აღნიშნული მავნებელი საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს დაფიქსირებულა და ორგანიზაციის 2020 წლის პროგნოზით, მავნებლის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მისი შემოჭრა საფუძველს მოკლებულია.
ფოტო: ვიკიპედია