ქუთაისის აგრარული ბაზრის დირექტორის, ოლეგ არღვლიანის თქმით სურსათის უვნებლობის

სამსახურისგან მიღებული რეკომენდაციები გათვალისწინება მიმდინარეობს. როგორც მან რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა, დასუფთავების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.  

,,დეზინფექცია ტარდება გაძლიერებულად. დასუფთავებაც უფრო ინტენსიურად კეთდება. ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით მოიჯარეებთან გაიმართა შეხვედრა. მუშაობის შეჩერება არ იგეგმება. ჩვენ ისედაც ღია ობიექტს ვეკუთვნით, აქ იყიდება სურსათი. მაქსიმალურად ვიცავთ რეკომენდაციებს, ვნახოთ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები.” – განაცხადა ოლეგ არღვლიანმა. 

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული ბაზრებისთვის კორონავირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციებს გასცემს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება  რადიო ,,ძველ ქალაქს” აცნობეს. რეკომენდაციები ასეთია: 

“გაზარდონ რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე; შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენონ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია; სველ წერტილებთან განათავსონ ხელის დაბანის ინსტრუქცია; გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსდეს ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;  ნაგვის ურნების შიგთავსი უნდა მოთავსდეს პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარან, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავენ; ნაგვის ურნები უნდა დაცალონ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით,”-წერია სეს-ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *