ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 4 პატიმარი შიმშილობს.
პროტესტის უკიდურეს ფორმას შოთა ჯაიანი, გიორგი კაკაბაძე, დავით უგულავა და ომარ უგულავა მიმართავენ. დაკავებულების უფლებადამცველების განცხადებით, ერთ-ერთი პატიმარი, შოთა ჯაიანი, 24 იანვრის შემდეგ, თვეზე მეტია შიმშილობს, მას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.
პატიმრებს გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა, თუმცა შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდა და გამოძიებამ გამოძალვის, სხეულის ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანების მუხლები დაამატა.
“საქმე ეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, რომლებიც გაბუქებულია საგამოძიებო ორგანოს მხრიდან. დაკავებულები ამ ფაქტს აპროტესტებენ და შიმშილობენ. ჩვენ მოვითხოვთ საქმის სწორად გამოძიებასა და სამართლიანობის აღდგენას,”-აცხადებენ დაკავებულების ადვოკატები როინ ჭეიშვილი და ციცინო ბაბუნაშვილი.
საქმე ეხება ვალის დაბრუნების მოთხოვნით დაწყებულ სიტყვიერ შელაპარაკებას, რომელიც ხონში 2019 წლის 23 ნოემბერს მოხდა.