ტყიბულში მეშახტეები საპროტესტო აქციებს კვლავ აგრძელებენ. ძიძიგურის შახტში
დასაქმებულები ამბობენ, რომ ისინი “საქნახშირის” შეთავაზებას არ ეთანხმებიან და ძიძიგურის შახტში ბაგირის გამოცვლის პროცედურის დასრულებამდე სამუშაოდ მინდელის სახელობის შახტში არ გადავლენ. მეშახტეები შიშობენ, რომ მათი გადაყვანის შემთხვევაში, ძიძიგურის სახელობის შახტა დაიხურება, ხოლო მოგვიანებით დასაქმებულებს მინდელის სახელობის შახტიდანაც გაათავისუფლებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი მინდელის სახელობის შახტში არ გადავლენ და კომპანიის მიერ ძიძიგურის შახტში ბაგირების შეცვლის პროცესს დაელოდებიან. მათივე განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანიამ მათ განაცდური დღეები უნდა აუნაზღაუროს.
“ამბობენ, რომ შახტში უსაფრთხოების ნორმების გასაუმჯობესებლად, სამუშაოები უნდა ჩატარდეს. 6 თვეა კომპანია შემოსულია, თუ სამუშაოები ჩასატარებელი იყო, აქამდე უნდა ჩაეტარებინათ. ეჭვი გვაქვს, რომ ძიძიგურის შახტის დახურვა უნდათ. ახლა კომპანია დროს აჭიანურებს და კონკრეტულ პასუხს არ გვაძლევს. ახლა მათ პირობებს რომ დავთანხმდეთ, გადაგვიყვანენ მინდელის შახტში და როგორც ადრე გააკეთეს, მერე ჩვენც სახლებში გაგვიშვებენ. თუ ეს შახტი დაიხურება, ამ ადგილიდან ხალხიც გაიქცევა. ვართ გაჩერებული, აგვინაზღაურონ თანხა და თან გაგვარკვიონ, რას აპირებენ,”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
“საქნახშირში” აცხადებენ, რომ კომპანიამ ბაგირის გამოცვლის პროცედურა უნდა დაიწყოს, რაც რამდენიმე კვირას გაგრძელდება და დასრულებისთანავე შახტის ჩასასვლელი გაიხსნება. მათივე განმარტებით, კომპანიამ თითოეულ მეშახტეს მყარი გარანტია მისცა, რომ არ იგეგმება არც ერთი ადამიანის შემცირება. “საქნახშირის” განმარტებით, მინდელის შახტამდე მეშახტეების უფასო ტრანსპორტირება მოხდება. კომპანიისათვის განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა მიუღებელია.
ამ დროისთვის მეშახტეები მოსალაპარაკებლად კომპანიის წარმომადგენლებს ხვდებიან.