ხონის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელიც ორი დღის დაიწვა,
სწავლას მეზობელ სოფელში, დედალაურის საჯარო სკოლაში გააგრძელებენ. ხონის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ სკოლა 36 მოსწავლის მისაღებად მზად არის და ახლა მოსწავლეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების მოგვარება მიმდინარეობს.
“სასწავლო პროცესის აღდგენა ამ შენობაში შეუძლებელია. ზარალის რაოდენობა ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია. ექსპერტიზამ უნდა შეაფასოს, შესაძლებელი იქნება თუ არა სკოლის რეაბილიტაცია. გადაწყდება, ახალი სკოლა აშენდება თუ არსებული აღდგება,”-ამბობენ განათლების რესურსცენტრში.
სასწავლო პროცესი 36 მოსწავლისათვის მეზობელ სოფელში, შესაძლოა, ხვალ განახლდეს.
რაც შეეხება საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, რომლებიც იმავე შენობაში სწავლობენ, ხონის მერიაში აცხადებენ, რომ მშობლების სურვილით ალტერნატიული ფართის მოძიება მიმდინარეობს.
“მშობლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ალტერნატიული ფართის მოძიებას ცდილობენ. მათი სურვილია, რომ ბავშვებს მეზობელ სოფელში სიარული არ მოუწიოთ. თუ ადგილი ვერ მოიძებნა, ალბათ, აღსაზრდელებს დედალაურის საბავშვო ბაღში გადავიყვანთ,”-აცხადებენ ხონის მერიაში.
ხონში, სოფელ ჩაის მეურნეობაში, შენობის ორი სართული 17 თებერვალს დაიწვა, სადაც საჯარო სკოლა, ბაღი და სოფლის ამბულატორია იყო განთავსებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.