წყალტუბოში, სანატორიუმ “გეოლოგში” მცხოვრები დევნილები მასობრივ გაყვანას ითხოვენ.
მათ დღეს აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ სანატორიუმი ნგრევის პირასაა, თუმცა, მთავრობა მათ გადაყვანაზე არ ფიქრობს. დევნილები ამბობენ, რომ ხელისუფლებისაგან წყალტუბოში პირველივე კორპუსის მშენებლობის დასრულებისთანავე ახალ ბინაში გადაყვანის დაპირება მიიღეს, თუმცა, პირობები შეიცვალა. აქციის მონაწილეების განმარტებით, დევნილთა სამინისტრო მათგან განცხადებების დაწერას ითხოვს. დევნილები ამბობენ, რომ სამინისტროში განცხადებების შეტანის შემთხვევაში ბინებით დასაკმაყოფილებელთა სიაში “გეოლოგიდან” შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე ოჯახი მოხვდეს.
“შენობა ავარიულია. საშინელი მდგომარეობაა, წყალში ვცურავთ, რასაც ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. 4 წელია აქედან გაყვანას ვითხოვთ. სამინისტრომ განცხადებების დაწერა იმერეთის მასშტაბით გამოაცხადა. ჯერ ჩვენ დაგვაკმაყოფილონ და მერე სხვები. გვითხრეს, ინვესტორები მოვლენო, მაგრამ ჩვენ ინვესტორებს არ ველოდებით,”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
დევნილები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.
სანატორიუმ “გეოლოგში” 50-მდე ოჯახი ცხოვრობს.