საქართველოს მთავრობამ “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” კანონის პროექტი დაამტკიცა.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ვალდებულება გარემოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების შესაბამისად ადაპტაციის შესახებ.
,,შენობა-ნაგებობების შშმ პირთა საჭიროებებზე მორგება ეტაპობრივად – 15-წლიან ვადაში უნდა განხორციელდეს. ახალი ნაგებობები კი, თავიდანვე უნდა იყოს ხელმისაწვდომი და შესაბამის საჭიროებებზე მისადაგებული.
კანონპროექტი ითვალისწინებს პერსონალური ასისტენტის მომსახურების შემოტანას – ეს სერვისი მუნიციპალიტეტების მიერ იქნება გაცემული და ხელს შეუწყობს შშმ პირებს დამოუკიდებლად ცხოვრებაში.
ახალი კანონის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსაზღვრისას სამედიცინო მიდგომიდან ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლა. ეს არის მიდგომა, რომლის დროსაც პირისათვის მისანიჭებელი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და მისი ხარისხი, სამედიცინო ჩვენებასთან ერთად, მისი რეალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე განისაზღვრება. ამავე პრინციპით დადგინდება შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიების მოცულობაც.
“ქართული ჟესტური ენა” უნდა იქნეს აღიარებული და შეიქმნას ყველა აუცილებელი წინაპირობა მისი სათანადოდ გამოყენებისათვის იმ პირთა მიერ, ვისაც ამის საჭიროება გააჩნია.
საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს რეგულაციებს იმისათვის, რომ შშმ პირებისათვის სრულად იქნეს უზრუნველყოფილი სამართალწარმოების ხელმისაწვდომობა – იქმნება სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტი. ამ სტატუსის მქონე ორგანიზაციები შშმ პირთა უფლებების დაცვას სასამართლოში ყოველგვარი ბარიერისა და დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე შეძლებენ.”- აღნიშნულია კანონპროექტში.
აქვე ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. შშმ პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებას კანონის პროექტი აკისრებს სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებს, განისაზღვრება სხვადასხვა უწყების ვალდებულებები, მოამზადონ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ეფექტური აღსრულებისათვის ჯანდაცვის, განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, დასაქმების, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით, აგრეთვე, საზოგადოებაში ამ პირთა ინტეგრაციისა და მათთვის ყველა სახის მომსახურების ხელმისაწვდომობის კუთხით.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით კანონპროექტი მხარეთა კონსენსუსის შედეგია – სახელმწიფო უწყებების, შშმ პირთა ორგანიზაციების, საერთაშორისო დონორების და ექსპერტების ჩართულობით.
საქართველოს პირველად ექნება ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს.