25 იანვარს, ქუთაისში, დასუფთავების აქცია გაიმართება. Trash hero Kutaisi-ს მოხალისეები
ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიას სხვა მსურველებთან ერთად დაასუფთავებენ.
Trash hero Kutaisi-ს მოხალისეები დასუფთავების აქციას ყოველთვიურად ატარებენ. მათი მიზანია გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერება და მოქალაქეებმა ნაკლებად დააბინძურონ გარემო.
,,Trash hero არის შვეიცარიული მოხალისეობრივი გარემოს დაცვითი ორგანიზაცია. ქუთაისში მცხოვრებ უცხოელებს გაუჩნდათ იდეა, რომ დაგვეწყო ქალაქის ტერიტორიების დასუფთავება. როცა გადავწყვიტეთ, რომ ორგანიზებული სახე მიგვეცა, ჩვენი მოხალისე დაუკავშირდა Trash hero-ს და მათგან მივიღეთ თანხმობა, რომ ვყოფილიყავით მათი წარმომადგენლობა ქუთაისში. 21 სექტემბრიდან დავიწყეთ დასუფთავების აქცია და ამ დროის განმავლობაში ვითანამშრომლეთ ქალაქის დასუფთავების სამსახურთანაც. მომდევნო აქცია გვაქვს 25 იანვარს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოუერთდეს.ჩვენი მიზანია პერმანენტული დასუფთავების აქციებში ჩავრთოთ მეტი მოქალაქე და გავზარდოთ ცნობიერება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე “- განაცხადა Trash hero Kutaisi-ს მოხალისე გვანცა ლუკავამ.
მისივე თქმით, სასურველია დაწესდეს კონტროლი, რადგან მოქალაქეები დასუფთავებულ გარემოს არ უფრთხილდებიან.
,,დასუფთავების აქციის დროს ძალიან ბევი ადამიანი მოდიოდა და გვეუბნებოდა, რომ ძალიან კარგია რასაც აკეთებთ, მაგრამ იქვე ამბობდნენ, რომ ეს ტერიტორია მალე ისევ დაბინძურდება. სანამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა აუმაღლდებათ მოქალაქეებს, კარგი იქნება თუ დამონტაჟდება კამერები და დაწესდება მონიტორინგი.”- ამბობს გვანცა ლუკავა.
დასუფთავების აქცია 25 ინვარს, ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე,12:00 საათზე დაიწყება.