ქუთაისის მერმა სოციალური მუშაკები დააჯილდოვა. ქუთაისის მასშტაბით მომუშავე
17 მუშაკს სამახსოვრო სიგელები და ფულადი საჩუქრები გადაეცა.
თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, სოციალური მუშაკების საქმიანობა რთული, საპასუხისმგებლო და დაუფასებელია. მათივე განმარტებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად.
“შევხვდით სოციალურ მუშაკებს და გადავეცით მათ სიმბოლური საჩუქრები. მადლობას ვუხდით მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისათვის. მათი შრომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,”-განაცხადა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.
“ეს არის სფერო, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში არის ძალიან მძიმე და რთული სამუშაო. ისინი ამ რეჟიმში მუშაობას მცირე რესურსით ახერხებენ. დღეს მიღებულ თუნდაც მადლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალური მუშაკებისთვის. ქუთაისის მერიის პროგრამები ძალიან დიდ მხარდაჭერას უწევენ იმ მოქალაქეებს, რომელთანაც ეს მუშაკები მუშაობენ. ეს პროგრამები მნიშვნელოვანია, რათა სოციალური მუშაკების ნამუშევარი უფრო შედეგიანი იყოს,”-განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსმა, ნინო ჭიღლაძემ.
იმერეთის მასშტაბით სულ 34 სოციალური მუშაკი მუშაობს.