საქართველოს ეროვნული გვარდია დაარსებიდან 29 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს დაარსდა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებული ბრძოლებისას 650-ზე მეტმა გვარდიელმა სამშობლოს ერთიანობასა და თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე შესწირა.
2000 წლამდე ეროვნულ გვარდიაში თავმოყრილი იყო საბრძოლო და სასწავლო ქვედანაყოფები, ხოლო 2000 წლიდან ეროვნულ გვარდიას ახალი როლი და ფუნქციები განესაზღვრა, განხორციელდა შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებები.
საქართველოს თავდაცვის ეროვნული გვარდიის პრიორიტეტებია: თავდაცვის ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, სამობილიზაციო რესურსების მართვა, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება და განხორციელება, რეზერვის მობილიზაციის დაგეგმვა და მართვა, საჯარისო მობილიზაციის ჩატარება სრული მოცულობით ყოველგვარ პირობებში. სამხედრო ოპერაციების დროს, მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების ჩატარება, დანაყოფების და ნაწილებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მოქალაქეთა შერჩევა და დაკომპლექტება.