15 წლის დაღუპული მოზარდის ლუკა სირაძის ოჯახის მიმართ სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა
თანაგრძნობა გამოხატეს. აქციის მონაწილეები სიმბოლურად იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი იმ არაჰუმანურ საპოლიციო სისტემას გმობენ, რომლის მსხვერპლი ახალგაზრდების რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება.
“სისტემა უნდა დაინგრეს”, “ამ სისტემის დედაც”, “იხელმძღვანელე ბავშვთა უფლებების კოდექსით”, “ბავშვის ღირსება ხელშეუვალია” აქციის მონაწილეებმა საპროტესტო პლაკატები პოლიციის შენობის შესასვლელში დააფინეს. წარწერა “ამ ცხოვრების დედაც” კი შენობის წინ გააკეთეს.
“ის რომ პოლიციის დეპარტამენთან შევიკრიბეთ, არ არის შემთხვევითი. პოლიცია არ უნდა კლავდეს, პოლიცია უნდა იცავდეს თავის მოქალაქეებს. საქმე ერთი კონკრეტული გამომძიებლის პასუხისგებაში მიცემით არ უნდა დასრულდეს, პასუხი უნდა აგონ შსს-ს მაღალჩინოსნებმა. სისტემა არის შესაცვლელი, ის უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას. მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ მისი პოზიცია მყარად უნდა დააფიქსიროს,”-განაცხადა აქციის მონაწილემ, ხვიჩა ვაშაყმაძემ.
სამოქალაქო საზოგადოების წევრები ამბობენ, რომ აქციები გაგრძელდება. მათ დღეს, მესხიშვილის თეატრის წინ, 19:00 საათზე ჩანიშნული აქციაც დააანონსეს.