ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მოსახლეობის საპროტესტო აქციასა და მათს
მოთხოვნებზე ოფიციალური განცხადება “ჯორჯიან მანგანეზში” გააკეთეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მაღაროებში მიმდინარე სამუშაოები მათს საცხოვრებელ სახლებს აზიანებს, რის გამოც 7 ნოემბრიდან ტერიტორია გადაიკეტა, რამაც სამუშაოების შეჩერება გამოიწვია. ადგილობრივები მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
“ჯორჯიან მანგანეზში” აცხადებენ, რომ კომპანიამ საკითხის შესასწავლად სპეციალური კომისია შექმნა, რომელმაც სოფელ შუქრუთში არსებული ყველა დაზიანებული სახლი მოინახულა. მათი განმარტებით, კომისიის მიერ მოძიებული ინფორმაციით, აღწერილი დაზიანებები არ უკავშირდება კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ სამუშაო პროცესს და ეს გამოწვეულია საბჭოთა კავშირის პერიოდში წარმოებული სამუშაოებით. მათივე თქმით, ზარალი იმ პერიოდში შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახურების მიერ კომპენსირებული იყო.
კომპანიაში ამბობენ, რომ კიდევ ერთი კვლევითი სამუშაოები სოფელში 2019 წლის 29 ოქტომბერს დაიწყო, რომელსაც დამოუკიდებელი საექსპერტო ჯგუფი “საინჟინრო კვლევების ცენტრი” ახორციელებს.
“პირველადი მონაცემებით შესწავლილი და გამოკვეთილი დაზიანებები არ უკავშირდება “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ წარმოებულ სამუშაოებს და ირკვევა, რომ შუქრუთში სახლების დაზიანება საბჭოთა პერიოდში სოფლის ქვეშ წარმოებული მანგანუმის მოპოვებით სამუშაოებით არის გამოწვეული. დაზიანებების მეტი წილიც სწორედ იმ პერიოდისაა, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობით განპირობებული ყველა გამოკვეთილი და დადგენილი ზიანი კომპანიის მიერ ანაზღაურებული იქნა,”-აცხადებენ კომპანიაში.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე