“ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაციით, ჭიათურაში ეკოლოგიური
ვითარების გაუმჯობესებაზე ზრუნვის ფარგლებში, კომპანიამ ახალი თაობის ორი თბომავალი შეიძინა. მაღაროებში მოპოვებული მადანი თბომავლების მეშვეობით შემკრებ მოედანზე გადაიზიდება, საიდანაც მისი ტრანსპორტირება ზესტაფონისა და სხვა გადამამუშავებელი ქარხნებისკენ ელმავლების საშუალებით მოხდება.
“ამ სქემით “ჯორჯიან მანგანეზმა” მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან ჭიათურის ცენტრალურ უბნებში მადნის სატვირთო მანქანებით გადაზიდვის პრაქტიკა აღკვეთა, რაც ქალაქის დამტვერიანებას იწვევდა. გარდა ამისა, “ჯორჯიან მანგანეზმა უახლესი ევროპული ტექნიკით აღჭურვა ჭიათურის დასუფთავების სამსახური, რამაც ქალაქში სისუფთავე უნდა უზრუნველყოს. თბომავლების მომწოდებელ კომპანიასა და “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკება სამი თვე გაგრძელდა და საბოლოო შეთანხმებით დასრულდა. თბომავლები საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა,”-აცხადებენ კომპანიაში.
ამ ეტაპზე, “ჯორჯიან მანგანეზის” სარგებლობაში დიზელის საწვავზე მომუშავე სამი თბომავალი ირიცხება.
ფოტო: “ჯორჯიან მანგანეზი”