ქუთაისელი ტაქსის მძღოლი თბილისში კლიენტის ჩაყვანისათვის 200 ლარით დააჯარიმეს.
ხვიჩა მამასახლისი ჯარიმის გაუქმებას ითხოვს და ამბობს, რომ რეგულაცია უსამართლოა, ჯარიმას არ გადაიხდის და მის უფლებებს დაიცავს. ტაქსის მძღოლი დედაქალაქში 2 ოქტომბერს დაჯარიმდა. მამასახლისი კომპანია “მაქსიმში” მუშაობს. მისი თქმით, მისი დაჯარიმება ტაქსის თეთრი ფერის არ ქონისა და მასზე კომპანიის ლოგოს არსებობის გამო მოხდა.
“ქუთაისის აეროპორტიდან წავიყვანე მგზავრი. ჩავედი თბილისში და პატრულმა გამაჩერა. მითხრეს, თავზე ტრაფარეტი გაქვს და 200 ლარით გაჯარიმებთ, ასე თბილისში შემოსვლა არ შეიძლებაო. გაფრთხილების გარეშე დამიწერეს ჯარიმა და თქვეს, ბრძანება ზევიდან გვაქვსო, ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოსო. არ გადავიხდი ჯარიმას, არ ვიცოდი და არაფერი დამიშავებია. 125 ლარი ავიღე და 200-ით დამაჯარიმეს. უკვე მეშინია და 3 შეკვეთა გავაუქმე,”-ამბობს ხვიჩა მამასახლისი.
ტაქსის მძღოლის პროტესტს პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. წულაია ამბობს, რომ ტაქსებს რეგიონებიდან თბილისში ჩასვლა არ უნდა ეზღუდებოდეთ და სახელმწიფომ სხვა ტიპის რეგულაციები უნდა დააწესოს.
“ტაქსის ახალმა რეგულაციებმა თბილისში რეგიონებში მომუშავე მძღოლებიც დააზარალა. ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. არავის არ კითხავს რა ფერის ტაქსით ჩავალთ თბილისში. ტაქსის მძღოლებს ისედაც პრობლემები აქვთ და მგზავრი არ ჰყავთ და ხელისუფლება კიდევ დამატებით პრობლემას უქმნის. მაქვს კითხვა, რა ქნას ტაქსის მძღოლმა, ჩავიდეს თბილისში ააძროს რეკლამა მანქანიდან, ჩამოვიდეს და თავიდან დააკრას?,”-ამბობს წულაია.
კომპანია “მაქსიმში” საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”