ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა მიმდინარე წლის
ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება. ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას კომპანია “აიგრუპის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, კახა გულედანმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, მომდევნო წლის პირველ ნახევარში ქუთაისი პირველ ელექტრომობილს გამოუშვებს. პირველ ეტაპზე 5 000 ერთეულის წარმოება იგეგმება. ქარხანაში პირველ წელს 300 ადამიანი დასაქმდება და მის გაფართოებასთან ერთად დასაქმებულთა რიცხვი 3 000-მდე გაიზრდება. საბოლოდ, ქარხანა წელიწადში 40 000 ავტომობილს გამოუშვებს. პროდუქცია არა მარტო ქართული, არამედ ევროპული ბაზრისთვის შეიქმნება.
რაც შეეხება საქართველოში წარმოებული პირველი ელექტრომობილის ფასს, კახა გულედანი ირწმუნება, რომ ის ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
“ელექტრომობილების ღირებულებას ამ ეტაპზე ინტრიგად დავტოვებთ, მაგრამ რადგან ადგილობრივი ბაზრისთვის ვაწარმოებთ, იქნება ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი ფასით. მისი ფასი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და ამ ეტაპზე დასახელება რთულია,”-განაცხადა გულედანმა.
კომპანია პროფესიული კოლეჯისა და დიზაინის საერთაშორისო ინსტიტუტის გახსნაც გეგმავს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე