რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, პროფკავშირისა
და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის მიმდინარე კოლექტიური შრომითი დავა დასრულდა. მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც შემდეგ პუნქტებს მოიცავს:
2020 წლის 1-ლი მარტიდან დაანონსებული 10%_იანი სახელფასო ზრდა განხორციელდეს და დაიწყოს 2019 წლის 1 დეკემბრიდან – აღნიშნული გადაწყვეტილება, დამატებით 3 მილიონი ლარით, ხოლო ჯამში დაახლოებით 15 მილიონი ლარით ზრდის სახელფასო ბიუჯეტს და მოიცავს 12 500 რკინიგზელს;
შეთანხმების თანახმად, მოიხსნას ყოველგვარი დამატებითი კრიტერიუმი (შეფასებები, საყვედური, გაფრთხილება, ბიულეტინი) და მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში (2019 წლის ნოემბერი), საპრემიო ბიუჯეტი (დაახლოებით 4 მილიონი ლარი) გადანაწილდება სოლიდარობის პრინციპის დაცვით – 12 500 რკინიგზელზე თანაბრად (333 ლარი);
ადმინისტრაციის მხრიდან 2020 წელს დაანონსებულ საპრემიო ფულად საჩუქარს (საახალწლოდ – 200ლარი, სააღდგომოდ -200 ლარი), დაემატა კიდევ ერთი – რკინიგზელის დღესთან დაკავშირებული პრემია – 200 ლარის ოდენობით – რაც თავის მხრივ დაახლოებით 2.5 მილიონი ლარით ზრდის საპრემიო ბიუჯეტს;
2021 წლის ივნისის თვეში ხელფასების შემდგომი სეგმენტური ზრდის მიზნით, ადმინისტრაცია და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი გამართავენ დამატებით მოლაპარაკებებს.
შრომის კანონმდებლობის, მათ შორის შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის დაცვისა და საწარმოო ტრავმების (ასევე, უბედური შემთხვევების) გამოკვლევის მიზნით, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი მონაწილეობას მიიღებს საწარმოო ტრავმებისა და უბედური შემთხვევების გამოკვლევის ღონისძიებებში – წევრი რკინიგზელების შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვის უზრუნველსაყოფად.