“თაობათა დიალოგი” მსოფლიო გლობალურ კამპანიას “Global Strikes” უერთდება. კამპანიის ფარგლებში,
ქუთაისში, 20 სექტემბერს მასშტაბურ მსვლელობა “მარში კლიმატისთვის” მოეწყობა. მსვლელობის ორგანიზატორები საშუალოდ 500 ადამიანს ელოდებიან მარშში მონაწილეობისთვის და ერთობლივი ძალებით მსოფლიო ლიდერებს კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
“პლანეტაზე უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს კლიმატის ცვლილებები და ადამიანების გულგრილობამ, მსოფლიო სახელმწიფოების უმოქმედობამ პროცესი დააჩქარა. ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ერთობლივად მსოფლიო ლიდერებს მოვუწოდოთ, დაუყოვნებლივ იმოქმედონ კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად. დღეის მონაცემებით, RICDOG-ის ორგანიზებულ მსვლელობას სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები შემოუერთდნენ. ახალგაზრდები ხედავენ, რომ უფროსების უმოქმედობით დღეს საფრთხე მათს მომავალს ექმნება,” – ამბობს RICDOG-ის თავმჯდომარე, ნუგზარ კოხრეიძე.
RICDOG-ი ადგილობრივებს მსვლელობაში მონაწილეობამდე სთავაზობს აქტიურად ჩაერთონ გლობალურ კამპანიაში და მიიღონ მონაწილეობა თამაშში “იაქტიურე კლიმატისთვის”. თამაშის განმავლობაში მთავარი, რაც უნდა გააკეთოს ჩართულმა პირმა, არის “მწვანე აქტივობების” დამოუკიდებლად განხორციელება მათს საცხოვრებელ არეალში.
GLOBAL STRIKE 20 – 27 სექტემბრის შუალედში მსოფლიოს მასშტაბით გაიმართება.