ქუთაისში, წერეთლის 62 ნომერში სასტუმროს მშენებლობას
ადგილობრივი იულია ლანჩავა აპროტესტებს. ლანჩავა ამბობს, რომ მშენებლობა უკანონოა და მას ქალაქის მერი მფარველობს. გარდა ამისა, იულია ლანჩავას განმარტებით, მშენებლობა გვერდით მდგომი სახლების მდგრადობას საფრთხეს უქმნის.
“მშენებლობა უკანონოა. ასევე, არ არის შესწავლილი ნიადაგი თუ რა გავლენას იქონიებდა მსგავსი მოცულობის ობიექტის განთავსება. სასტუმროს მესაკუთრეს მერი და მისი გარემოცვა მფარველობს. თუ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა გაგრძელდება, დიდი ალბათობაა, რომ თავად სასტუმროც დაინგრეს და ჩემი სახლიც ჩაიყოლოს,”-ამბობს იულია ლანჩავა.
ლანჩავას განცხადებით, სანამ საქმეს სასამართლო განიხილავს, მშენებლობა უნდა შეჩერდეს. იმ შემთხვევაში კი თუ დამტკიცდება, რომ მშენებლობა უკანონოა, ობიექტის დემონტაჟი უნდა მოხდეს.
სასტუმროს მეპატრონე, ვარლამ მეტრეველი ამბობს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და მშენებლობა კანონის დაცვით მიმდინარეობს. მეტრეველი აცხადებს, რომ მას ქალაქის მერთან ნაცნობობა არ აკავშირებს.
ადგილზე სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დაიწყო.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”