ხარაგაული კვლავ სტიქიას ებრძვის. გვიან ღამით ძლიერი წვიმა ისევ განმეორდა.
ამჯერად, სტიქიამ სოფელ ზვარეს მიაყენა ზიანი. პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა, ჩაწყვეტილია ბონდის ხიდი.
სტიქიის შედეგად დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა ზვარულამ შინაური ცხოველებისა და ფრინველების სადგომები გაუნადგურა.
შედარებით მსუბუქად დაზიანდა მოლითის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც სოფელ ანიულას ბონდის ხიდია ჩაწყვეტილი. ადიდებულმა ჩხერიმელამ ასევე მწყობრიდან გამოიყვანა დიდვაკის ქარხნის უბანში გადამავალი საავტომობილო ხიდი.
შესაბამისმა კომისიამ დილიდან დაიწყო ზარალის დათვლა.
დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ქუჩებს შემოტანილი ქვა-ღორღისგან ასუფთავებენ.
პირველად სტიქიამ ხარაგაული 7 ივნისს დააზარალა. მიყენებულმა ზარალმა 3 მილიონს გადააჭარბა.