მორაგბე გიორგი კვირიკაშვილის დედამ, ეკა ერისთავმა სახალხო დამცველს მისი შვილის
საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა. კვირიკაშვილი 18 მაისს ქუთაისში, ღამის საათებში მომხდარი ჩხუბის შემდეგ სსკ 239-ე ხულიგნობის და 126-ე ძალადობის მუხლით დაკავეს.
როგორც მორაგბის დედამ ქუთაისში, სახალხო დამცველთან შეხვედრაზე განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილი მხოლოდ დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა და ის უდანაშაულოა.
“ყველა გაქცეულია და ჩემი შვილი დააკავეს. ადვოკატმა მოიგონა, რომ ეს თითქოს იყო გუნდური თავდასხმა და ხულიგნობას ედავებიან. მინდა, რომ ამ საკითხს მიაქციოთ ყურადღება. ბიჭი წარმატებული სპორტსმენია, ნაკრებშიც თამაშობდა. 72 სიგელი დავუდე წინ მოსამართლეს და პროკურორს, მაგრამ რეციდივისტად ჩათვალეს. ნამდვილი დამნაშავეები თავისუფლად დადიან. ამ ამბის მერე გაწამებულ დღეში ვარ. პედაგოგი ვარ და ჩემს საქმეს ვერ ვაკეთებ. არ მინდა, რომ ჩემი შვილი ასცდეს გზას. შვილს ნუ მიღუპავენ”.- განაცხადა ეკა ერისთავმა.
სახალხო დამცველის განცხადებით, კვირიკაშვილის საქმეზე მათთან განცადება შესულია და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
მორაგბე გიორგი კვირიკაშვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო პროცესი 17 ივლისს გაიმართება.