მუჰამედ აჰმედ აბდულა ალ ჯაბური ერაყიდანაა.
ახლა ქუთაისში ცხოვრობს. საცხოვრებლის შეცვლა სწავლის გამო მოუწია. აწსუ-ში მედიცინას ეუფლება. უნდა ქირურგი გამოვიდეს. პროფესიის არჩევაში მშობლები დაეხმარნენ, ჯერ კიდევ ბავშვობაში იცოდა, რომ ექიმი უნდა გამხდარიყო. ბავშვობაში სხვა ინტერესიც სფეროც იპოვა, 6 წლისა ხატვით დაინტერესდა. პირველი ნახატი არ ახსოვს, სავარაუდოდ, ყვავილი უნდა დაეხატა. ხატვაზე უარი ვერც სამშობლოდან შორს მყოფმა თქვა. ქუთაისში სამხატვრო სტუდია იპოვა და უკვე სამ თვეზე მეტია, ცდილობს მისი ემოციები და ფიქრები ტილოზე გადაიტანოს. მუჰამედისათვის ხატვას, როგორც თავად ამბობს, საჭირო და მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ფერებითა და ფუნჯის მოძრაობით შინაგანი გრძნობები უნდა გადმოსცეს. ცხოვრებისა და გამოწვევების შესახებ ფიქრები სხვასაც უნდა გაუზიაროს.
“ნახატზე ჩემი ბიძაა”- ამბობს მუჰამედი და გვიყვება, რატომ დახატა ბიძა ლომთან ერთად. “ის მე მხარს მიჭერს და მისთვის მადლობის თქმა მინდოდა”-გვითხრა მუჰამედმა. როგორც თავად ამბობს, ნამუშევარზე გამოსახული ცხოველი პარლამენტარი ბიძის სიძლიერესა და პიროვნულ თვისებებს ყველა კარგად გამოხატავს.
მისთვის კიდევ ერთ გამორჩეულ ნამუშევარს “გლობალური მშვიდობა” ჰქვია.
“მინდა, ეს ნამუშევარი გამოვყო. ჩვენ უნდა მივიღოთ და პატივი ვცეთ ყველა ადამიანს. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ტრადიციებით, რელიგიით, კულტურით. მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს, რადგან მჯერა, რომ ეს მოგცემს საშუალებას, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებები შევცვალოთ, ერთმანეთს გავუგოთ,”-ამბობს მუჰამედი.
საქართველო
ქართულად გამართული საუბარი უჭირს, თუმცა, კომუნიკაციის დროს რამდენიმე ქართული სიტყვის გამოყენება შეუძლია. მუჰამედი საქართველოში ყოფნის პირველ დღეებს იხსენებს. ამბობს, რომ ხალხმა მისი ქვეყნის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ იქ სიტუაცია არც თუ ისე კარგია. მისი სამშობლოს ხსენებისას ხალხი გაოცებას გამოხატავს, ხშირად ამბობენ სიტყვას- ტერორისტი.
“როცა ვამბობ, რომ ერაყიდან ვარ ხალხი გაოცებას გამოხატავს. ახსენებენ სიტყვას – ტერორისტი. ყველა ერაყელი ტერორისტი არ არის,”-ამბობს უცხოელი სტუდენტი.
მუჰამედი ამბობს, რომ ქართველი ხალხი მეგობრული და გულუხვია, ქართული ტრადიციები კი საინტერესო.
“ყველა ქვეყანაში არის კარგი და ცუდი რაღაცები, მაგრამ საქართველოში ბევრი რამ მომწონს. მომწონს თქვენი ტრადიციები და ვფიქრობ, რომ უნდა შეინარჩუნოთ. ქართული კერძებიც მომწონს. ხინკალი, ხაჭაპური, ვფიქრობ, ძალიან გემრიელია,”-ამბობს მუჰამედი.
სამშობლო
მუჰამედის აზრით, ქართველებსა და ხალხს მისი სამშობლოდან ბევრი საერთო აქვთ. მათ შორის იმედი და ცხოვრების სიყვარული.
“ერაყელ ხალხს ოპტიმიზმი და სიცოცხლის სიყვარული აქვს. როცა კონტაქტს ვიწყებთ ერთმანეთთან, ჩვენ ვიწყებთ ერთმანეთის შეყვარებას. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ უფრო მეტი კომუნიაკაცია უნდა გვქონდეს. რაც უფრო მეტად ვეცნობით ჩვენც კულტურას, ტრადიციებს, უფრო ნაკლები შიში გვაქვს ერთმანეთისადმი.
***
“ზოგჯერ რთულ სიტუაციებში ვართ, ზოგჯერ მნიშვნელოვან პრობლემებს ვხვდებით. ზოგჯერ იმედგაცრუებას ვგრძნობთ, ზოგჯერ მოწყენილები ვართ. მაგრამ ჩვენ არასდროს უნდა დავნებდეთ, უნდა გვქონდეს ვნება იმის მიმართ, რასაც ვაკეთებთ,”-ამბობს უცხოელი სტუდენტი. მუჰამედი პირადი განცდების გარდა, სამომავლო გეგმებზეც გვიყვება და ფიქრობს, რომ წინ რთული და საინტერესო გზა აქვს გასავლელი. ამბობს, რომ მისი პროფესია ძირითადად პრაქტიკულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული და წარმატების მისაღწევად დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოუწევს, თუმცა იმედოვნებს, რომ ცხოვრებისეულ გამოწვევებს ეტაპობრივად გაუმკლავდება.