არასამთავრობო ორგანიზაციამ “უბან არტი” ქუთაისში ალტერნატიული
კულტურული სივრცის განვითარებისთვის პროექტი შეიმუშავა. პროექტი ხელოვნების პარკის მოწყობასა და ფესტივალის “UPPERGROUND”-ის დაარსებას ითვალისწინებს.
როგორც პროექტის კურატორი, ხვიჩა დოღონაძე ამბობს, პროექტის განსახორციელებლად პარლამენტის უკან მდებარე აუთვისებელი ტერიტორიაა შერჩეული. მისი განმარტებით, ადგილზე დაცული ტერიტორია უნდა მოეწყოს, მოწესრიგდეს გზები და ინფრასტრუქტურა. დოღონაძე განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე, ინვესტიცია სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, ხოლო შემდეგ ადგილის განვითარებაში კერძო ინვესტორი უნდა ჩაერთოს.
“ხელოვნების პარკი სახელოვნობო და საგანმანათლებლო სივრცეების შექმნას, პროფესიული სასწავლებლების, კინოსახლის, ბიენალეებისათვის პავილიონებისა და სხვა შექმნას მოიცავს. მათ შორის იქნება მინი სასტუმროები, სპორტული კომპლექსები. თვითონ პარკს საქართველოს რუკის კონტური ექნება. ტერიტორია აბსოლიტურად აუთვისებელია. თანხები დასჭირდება ინფრასტრუქტურის, გზების მოწყობას. დასაწყისში პროექტის განხორციელება სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, ხოლო შემდეგ ინვესტორები უნდა შემოვიდნენ ტერიტორიაზე. არის მიმოწერა სხვადასხვა უწყებებთან. მერია ამბობს, რომ სახელმწიფო კომპეტენციაა, სახელმწიფო კი მერიასთან გვამისამართებს,”-ამბობს დოღონაძე.
პროექტის კურატორის თქმით, პროექტის განხორციელება ტურიზმის განვითარებაზეც დადებითად იმოქმედებს.