დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებაზე, მუშაობის
სპეციფიკასა და სამსახურისადმი მიმართვის პროცედურების შესახებ დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ ქუთაისში ვიზიტის დროს ისაუბრა. მისი განმარტებით, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური დისციპლინურ სამართალწარმოებას იწყებს და ახორციელებს მხოლოდ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ. როგორც ქეთევან ცინცაძე აცხადებს, თუ მოქალაქე მიიჩნევს, რომ მოსამართლემ ჩაიდინა გადაცდომა, მას შეუძლია მიმართოს დამოუკიდებელ ინსპექტორს. მოკვლევის შემდეგ, თუ მოსამართლეს დაუდგინდა გადაცდომა, მას გარკვეული პასუხისმგებლობები დაეკისრება.
“ძირითადად ვლინდება გადაცდომის სხვადასხვა სახეები, რომლებზეც საჩივრების უმეტესობაა წარმოდგენილი. ეს არის საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება, ეთიკის წესების დარღვევა, მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება. გადაცდომის დამტკიცების შემთხვევაში, მოსამართლეს ეძლევა შენიშვნა, საყვედური თუ მკაცრი საყვედური ან თანამდებობიდან თავისუფლდება,”-განაცხადა ქეთევან ცინცაძემ.
დამოუკიდებელი ინსპექტორი ამბობს, რომ ხშირად მოქალაქეები ფიქრობენ, რომ მოსამართლისადმი გადაცდომის დამტკიცების შემთხვევაში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უქმდება, რაც არასწორია.
“ინდივიდუალური მოქალაქისათვის ვერანაირი შედგი ვერ მოჰყვება გადაცდომის დადგენას. საქმეზე ზეგავლენას ვერ მოახდენს ინსპექტორის მოკვლეული გარემოება,”-ამბობს ცინცაძე.
2017-2018 წელს ინსპექტორის სამსახურში წარმოდგენილია 449 საჩივარი, ხოლო 2019 წლის მონაცემებით, 85 საჩივარი.
საქართველოს საერთო სასამართლო სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი 2017 წლის 8 თებერვალს შეიქმნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან დამოუკიდებლად, დამოუკიდებელი ინსპექტორი დისციპლინური საქმის გამოკვლევის მიზნით გამოითხოვს, სწავლობს და აფასებს ყველა საჭირო ინფორმაციას, დოკუმენტაციასა და მასალას.