კაფე “სავანეს” მფლობელების დაჯარიმების ფაქტზე სასამართლო პროცესი
დღეს გაიმართა. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ობიექტის მფლობელებს 2000 ლარით აჯარიმებს. თავის მხრივ ჯარიმის გაუქმება მოითხოვეს კაფეს წარმომადგენლებმა.
“ჯარიმა არასწორი მუხლით იყო დაწერილი, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ. რეალურად, ჯარიმა გარევაჭრობის წესის დარღვევის შესახებ ძალიან დაბალია. ეს ვერ იქნებოდა ის სადამსჯელო ზომა, რისი გატარებაც მათ ჩვენ წინააღმდეგ უნდოდათ,”-განაცხადა ადვოკატმა ნინო მეფარიშვილმა.
მეფარიშვილი განმარტავს, რომ ობიექტის წარმომადგენლებმა გარე ვაჭრობის ნებართვის მოთხოვნით მერიას მიმართეს, თუმცა უწყებამ ადმინისტრაციული საქმის წარმოების ვადები დაარღვია.
‘გარევაჭრობასთან დაკავშირებით, ჩვენ მივმართეთ მერიას. მერიამ დაარღვია ადმინისტრაციული წარმოების ვადები. არ გვაცნობა უარი 5 დღის ვადაში. ნებართვა უკვე 15 დღის ვადაში უნდა დაეწერათ და არც ნებართვა არ გასცა. მაინტერესებს, რას აკეთებს მერია? ზედამხედველობის სამსახური გამოაგზავნა დააჯარიმეთო და მერმა არ იცოდა, რომ განცხადებით 18 აპრილს მივმართეთ? გააჟღერეს, რომ წესი შევცვალეთ და ელექტრონულად უნდა მოემართადო. ჩვეულებრივი განცხადებით როდესაც მივმართეთ, თუ რაიმე ხარვეზი იყო ან რაიმე დამატებით უნდა წარგვედგინა 5 დღის ვადაში უნდა ეცნობებინათ. ამათ 4 აპრილს, 6 დღის შემდეგ შეიტანეს ცვლილება გარევაჭრობის შესახებ კანონში და ამ ცვლილებით გველაპარაკებოდნენ ახლა,”-ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, კაფე “სავანეს” მფლობელები ქუთაისის მერიას ობიექტის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ. მათ რამდენიმე საპროტესტო აქციაც მოაწყვეს.
ფოტო: “ინტერნეტ სივრცე”