“ლევან გოგიტაძის სამხატვრო სტუდიის” მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა
ქუთაისის ოპერის თეატრის ფოიეში მოეწყო. გამოიფინა 80-მდე ბავშვის 300-ზე მეტი ნამუშევარი. მოსწავლეები სამხატვრო სტუდიაში მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა თემატიკაზე მუშაობდნენ და ნახატებს განსხვავებულ ჟანრებში ქმნიდნენ. გამოფენაზე როგორც მოზარდთა, ასევე ზრდასრულთა შემოქმედება წარადგინეს.
იუნა კობეშავიძე 14 წლისაა. ხატვა 5 წლის ასაკში დაიწყო. გამოფენაზე მისი 3 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
“ხატვით ბავშვობაში დავინტერესდი. ტელევიზიით გამოფენას ვუყურებდი და გადავწყვიტე, მეც დამეხატა. ჩემი საყვარელი მუსიკოსები დავხატე. უმეტესად ფანქრებსა და საღებავებს ვიყენებ. ძირითადად პორტრეტებს ვხატავ. მსგავსი გამოფენა ჩემთვის პირველია და იმედი მაქვს, მომავალში დიდ მოტივაციას მომცემს,”-ამბობს იუნა კობეშავიძე.
14 წლის მხატვრის ნამუშევრებით იტალიაშიც დაინტერესდნენ, სადაც იუნა მისი ნახატების გაგზავნას გეგმავს.