ქუთაისი ევროპის დღეები 2019-ის აღნიშვნას უერთდება.
ღონისძიებების ფარგლებში, აწსუ-ში საჯარო ლექცია გაიმართა. მომხსენებელმა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA) ისაუბრა. ლექციას ექსპერტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, გიორგი ჩიტაძე უძღვებოდა.
“სხვადასხვა ღონისძიებებით შევეცდებით რეგიონის მოსახლეობის ჩართულობის გაზრდასა და მათ ინფორმირებულობას, რაც ხელს შეუწყობს ანტიდასავლური მითების გაქარწყლებას,”-განაცხადა საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ.
ლექციის პარალელურად, მოეწყო საინფორმაციო კუთხე, სადაც მოწვეულ სტუმრებს შეეძლოთ თემატურ ლიტერატურას გაცნობოდნენ.
“ევროპის დღეები” სსიპ “საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ”, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ხორციელდება.