“გვირილობის” დღესასწაულის ფარგლებში, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ადგილობრივ
მეწარმეთა ხელნაკეთი ნამუშევრები გამოიფინა. ბაღში წარმოდგენილია სხვადასხვა აქსესუარები, სამკაულები, ჩანთები, დეკორატიული ნივთები და სხვა.
რიმა პეტროსიანმა “გვირილობის” დღესასწაულზე საკუთარი ხელით დამზადებული დეკორატიული პანოები გამოიტანა, რომელიც პოლიმერული თიხისაგან შექმნა. ნამუშევრების დამზადებას ორი თვე დასჭირდა. რიმა ტყიბულში ცხოვრობს და ხელნაკეთ ნივთებს თითქმის ორი წელია ამზადებს. მისი თქმით, საქმე დიდი დროსა და ენერგიას მოითხოვს.
მათე დოლიძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში ცხოვრობს. მან ოჯახური ტრადიცია მცირე ბიზნესად აქცია და მეორე წელია, რაც საოჯახო მარანში სამი სახეობის ღვინოს ამზადებს. ის ქართულ და ევროპულ მეთოდებს იყენებს. მათე წყალტუბოში ჩასულ ტურისტებს მასპინძლობს და ღვინის დაგემოვნებასთან ერთად, მათ ქართულ ტრადიციებსაც აცნობს.
თინა დავაძე ხარაგაულში ცხოვრობს. ის ხელნაკეთი ტყავის ნივთების შექმნითაა დაკავებული. 2015 წლიდან ტყავის აქსესუარების დამზადებას დიდ დროს უთმობს. მისი თქმით, ტყავი ბუნებრივი მასალაა და მისი დამუშავება დიდ დროს, ენერგიასა და სიზუსტეს მოითხოვს. ნივთების რეალიზაციას ძირითადად თბილისში ახდენს, მომავალში ბათუმის ბაზრის ათვისებას გეგმავს.
ხათუნა მაცაბერიძე საბავშვო სათამაშოებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში თითქმის 16 წელია ამზადებს. სათამაშოები ბუნებრივი მასალებისაგან მზადდება და როგორც თავად ამბობს, ჰიპოალერგიულია. ხათუნას დამზადებული სათამაშოები ძირითადად თბილისში იყიდება.
“ერთ სათამაშოს თითქმის ერთი კვირა ვამზადებ. ამ საქმით ბავშვობიდან დავინტერესდი და მასში დიდ დროსა და ენერგიას ვდებ,”-ამბობს ხათუნა მაცაბერიძე.
ქუთაისში “გვირილობის” დღესასწაულის აღნიშვნა მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებით გაგრძელდება.