ქუთაისში, ძეგლებთან და ტურისტულ ობიექტებთან საინფორმაციო დაფები და აბრები განთავსდა.
ჯამში, ქალაქის მასშტაბით, 16 საინფორმაციო დაფა და 4 აბრა დაიდგა. მათზე ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზეა დატანილი.
რადიო “ძველი ქალაქისათვის” მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დაფები და აბრები შემდეგ ტერიტორიებზე გადანაწილდა: წითელ ხიდსა და თეთრ ხიდთან, ოქროს ჩარდახთან, ცენტრალური ბულვარის შესასვლელთან, 9 აპრილის მემორიალთან, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმთან, ვაჟა ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, დები იშხნელების, ექვთიმე თაყაიშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, მერაბ კოსტავას და იპოლიტე ხვიჩიას ძეგლებთან.
დაფებისა და აბრების განთავსებისთვის ქუთაისის ბიუჯეტიდან 10 000 ლარზე მეტი გამოიყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ინდმეწარმე, გიორგი დარსაველიძემ, შეასრულა.