ქუთაისში, რუსთაველის ხიდზე, დეკორატიული სვეტებისა და ორნამენტების გაკეთება გადაიდო.
ქუთაისის მერიამ ტენდერი ჩაატარა. გამარჯვებული “შპს ლამოდერნა” გახდა, თუმცა მერიამ მასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა. ხიდზე სამუშაოების ჩასატარებლად 117 ათას 943 ლარი იყო გათვალისწინებული.
კომპანია მზად იყო სამუშაოები 110 450 ლარად შეესრულებინა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილის მირზა ხიდაშელის თქმით, ხიდზე დეკორატიული სვეტებისა და ორნამენტების შერჩევაში საზოგადოების დაინტერესება დიდი აღმოჩნდა. მერიამ გადაწყვიტა დეკორატიული სვეტები და ორნამენტები საზოგადოების კონსესუსის შემდეგ გააკეთოს.
“საზოგადოების გამოხმაურების გათვალისწინებით, რადგანაც მოსალოდნელზე მეტმა გამოხატა დაინტერესება მიეღო აღნიშნულ საკითხში მონაწილეობა, თუ რა ტიპის დეკორატიული განათება უნდა ყოფილიყო მოწყობილი, ქალაქის მერიამ მიიღო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება. პროცესი შეჩერდა მანამ, სანამ არ მოხდება ფართო კონსესუსის საფუძველზე რაიმე კონკრეტული სანათისა და დეკორაციის ტიპების შერჩევა”.- განაცხადა მირზა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც საზოგადოებრივი კონსესუსით გზით სანათების ვიზუალური მხარე შეირჩევა, რუსთაველის ხიდზე დეკორატიული სვეტებისა და ორნამენტების გასაკეთებლად ტენდერი თავიდან გამოცხადდება.
“თუ მომავალში ჩვენ ჩამოვაყალიბებთ რაიმე ისეთ ტიპს დეკორაციებისა და სანათების, რომლებიც იქ უნდა განთავსდეს, საზოგადოებასთან შეთანხმებით, ახალი ტენდერი იქნება გამოსაცხადებელი აუცილებლად”.- განაცხადა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე მირზა ხიდაშელი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა დამზადებულიყო ვეფხვის – 8, ფასკუნჯის -16, ყურძნის მტევნების 16 ფიგურა და 3 ცალი თითბერის დეკორატიული ელემენტები. შეგახსნებთ, რომ სამუშაოების დასწყებად ეს მეორედ გამოხადებული ტენდერი იყო.
როდის გამოცხადდება ტენდერი მესამედ და დაიწყება სამუშაოები ჯერჯერობით უცნობია.