“ქალების სათქმელი”- ქუთაისში წარმატებულმა ქალებმა საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს.
პირადი ისტორიები აუდიტორიას მხატვარმა, მორაგბემ, იურისტმა, სამოქალაქო აქტივისტმა, ტყვიის მსროლელმა და სხვა სფეროს წარმომადგენლებმა უამბეს. მათ იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რისი გადალახვაც ქალებს წარმატების მისაღწევად და თავის დასამკვიდრებლად უწევთ.
“თვითდამკვიდრებისათვის ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო”-ამბობს მხატვარი ლია უკლება და განმარტავს, რომ პირადი ისტორიის გაზიარება სხვა ქალებისათვის სტიმულის მისაცემად გადაწყვიტა.
“მოვედი, რომ სხვა ქალებს მოვუყვე ჩემი სათქმელი. ვუთხრა ჩემი გამოცდილების, ჩემი შრომის შესახებ. მინდა, ჩემი ერთი მაგალითით ადამიანები გავაძლიერო. ჩემი ყოველი დილა ბრძოლით იწყება. სამწუხაროდ, საქართველოში ქალებმა თავის დამკვიდრებისათვის ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ,”-აცხადებს უკლება.
საჯარო გამოსვლების პანელის ორგანიზატორი ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოა.
“შეხვედრა ქალთა ღირსების, მათი თავისუფლების წარმოჩენას ემსახურება. ღონისძიება მიზნად ისახავს იმ სტერეოტიპების მსხვრევას, რომლებიც მათ ცხოვრებისეულ გზაზე ჰქონდათ. ეს ყველაფერი ქალთა წარმოჩენისა და გაძლიერებისათვის კეთდება,”-განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.
ღონისძიებით გენდერული საბჭო ქალთა ისტორიის თვეს შეუერთდა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ თვის აღნიშვნის მიზანია ქალთა ისტორიული მიღწევების და მათი მნიშვნელობის წარმოჩენა.