“გლოვის დღეა. ჩვენ დღესაც ვიბრძვით თავისუფლებისთვის. ოკუპაცია გრძელდება,”
-აცხადებენ “ეროვნული მოძრაობის” წევრები. მათ დღეს, ქუთაისში მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპული გმირები გაიხსენეს.
“ის მოვლენები, რაც 98 წლის წინ მოხდა, დღესაც გრძელდება. რუსეთმა მოახდინა ანექსია, ოკუპაცია, ამყარებდა სისხლიან დიქტატურას, ხოცავდა ქართველ ხალხს. აქ დაღუპულ ადამიანებს მივაგებთ პატივი, გავიხსენეთ ეს გმირები. ანექსია ახლაც გრძელდება, საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია,”-განაცხადა “თავისუფალი საქართველოს” წევრმა გოგი წულაიამ, რომელიც “ეროვნული მოძრაობის” წარმომადგენლებს შეუერთდა.
დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 1921 წლის 25 თებერვალს რუსული წითელი არმია საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და ქვეყნის ოკუპაცია განახორციელა. თარიღთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაუშვეს.