თერჯოლის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა მათი საცხოვრებლის მახლობლად ნაგავსაყრელის მშენებლობას კვლავ აპროტესტებს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, თუ დაგეგმილი მშენებლობა არ შეჩერდება, ისინი პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და შიმშილობას დაიწყებენ. როგორც მოქალაქეები ამბობენ, მათს საცხოვრებელთან ნაგავსაყრელი ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურებას გამოიწვევს.
“თუ ნაგავსაყრელი გაკეთდება, მოსახლეობა დაიღუპება. საქონელი ვეღარ იბალახებს და ძლიერი ეკოლოგიური პრობლემები შეიქმნება. მოიწამლება მიწა, ჰაერი. განცხადება, რომ გაკეთდება ევროპული სტილის ქარხანა, ტყუილია. აქ იქნება ნაგვის გროვა, რომელიც დაიპრესება და დაბინძურებული წყალი მიწაში გაჟონავს. იქნება საშინელი სუნი,”-აცხადებენ ადგილობრივები.
ჭოგნარის მოსახლეობა კიდევ ერთ საპროტესტო აქციას 17 თებერვალს გეგმავს.
ტერიტორიაზე რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება და 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება.