2018 წელს ქუთაისში სამუშაოები 141 ობიექტზე დასრულდა,
რაზეც 5 მილიონ 600 ათასი ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა და ჟურნალისტებს 2018 წელს განხორციელებული პროექტები წარუდგინა.
მერიის ინფორმაციით, გაკეთდა 20 საგზაო მონაკვეთი, რაზეც 3 მილიონ 600 ათასი დაიხარჯა, 41 კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია 600 ათასი ლარი დაჯდა, 6 ლიფტის – 60 ათასი, 41 სადარბაზოს რეაბილიტაცია – 282 ათასი, 14 ტერნაჟორის მოწყობაზე 250 ათასი დაჯდა, 10 მინი საფეხბურთო სტადიონის 440 ათსი.
2018 წელს განხორციელებულ პროექტებში კიკვიძის სკვერის, სკეიტპარკის მოწყობა, თბილისის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირზე, სადგურის ტერიტორიის რეაბლიტაციაცაა აღნიშნული.
“ასევე უნდა აღვნიშნო, რომ სადგურის შიდა ტერიტორია არის კერძო საკუთრება და მოგეხსენებათ კერძო ტერიტორიაზე ვერ შევდივართ. ამიტომ ვერ კეთდებოდა აქამდე. შემდეგ მოვიწვიეთ მესაკუთრეები და შევთანხმდით, რომ დაგვეხმარებოდნენ და თავის გზას გააკეთებდნენ და დაიგო ეს გზა. თბილისის ქუჩაზე იყო კითხვები თუ რატომ მივეცით ვადა და დავუმატეთ, ასეთი პროექტი არ განხორციელებულა და კარგი გამოვიდა. მიწისქვეშა კომუნიკაციები გაკეთდა. ენერგო პროს 250 ათასი დაუჯდა ჩვენთან ერთად ამ მიმართულებით სამუშაოების შესრულება და დიდი მადლობა მათ. იმიტომ, რომ მათი სამუშაოა და სადენები მიწის ქვეშ უნდა ჩაედო მივეცით ვადა და ქალაქში გვაქვს უსადენო ქუჩა. მეორე ასეთი გვექნება იაშვილის ქუჩა. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დინამიკა არ შეჩერდეს, თუმცა როგორ იქნება ენერგო პროსთან ურთიერთობა არ ვიცი. ერთ ქუჩაზე ამდენი დახარჯა და ხარჯავს მეორეზე. ვფიქრობ, როგორმე უნდა დავეხმაროთ რომ მოწესრიდგეს ქალაქის იერსახე”.- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი 54 99 200 ლარით განისაზღვრა, რომელშიც ინფრასტრუქტურული პროექტები ისევ პრიორიტეტული მიმართულებაა. 2019 წელს ინფრასტრუქტურისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში გამოყოფილი თანხა 9 800 000 ლარს შეადგენს.