საქართველოს რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და კომპანია “აკორდის” საქართველოს ფილიალის დირექტორმა ალიკ ჯაფაროვმა მოლითი-ჩუმათელეთის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. სამუშოების ღირებულება 54 566 117 ლარია, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადად 29 თვეა განსაზღვრული.
მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთი, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის ნაწილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პირველ, ძირულა-მოლითის 25 კმ-იან მონაკვეთზე, ამ დროისთვის მიწისა და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეკონსტრუქცია, ძირითადად, უკვე არსებული გზის ფარგლებში განხორციელდება.
პროექტი მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, 22 ხიდის, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–მშენებლობას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.
პროექტი მიუყვება მდინარე ჩხერიმელას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს. გზის მოდერნიზაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე ადამიანს გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდება.