ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ტრადიციული დღესასწაული
“ზესტაფონობა – ღვინის ფესტივალი 2018” გაიმართა. სანაპიროს მიმდებარე სკვერში განთავსებულ იმერულ ოდებში სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის გამოფენა და იმერული სამზარეულოს დეგუსტაცია მოეწყო. ასევე, გამოფენილი იყო საჯარო სკოლების მოსწავლეთა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ “ორიონის” აღსაზრდელთა ხელნაკეთი ნამუშევრები.
“ეს არის ტრადიციული დღესასწაული და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანი შეიკრიბა, რათა სიყვარული გამოუცხადოს მშობლიურ ქალაქს. დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც ზესტაფონის არჩეული მერი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ქალაქისა და კუთხის განვითარებისათვის,”- განაცხადა ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ.
ღვინის ფესტივალის ფარგლებში, ჟიურიმ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მეღვინეები და საოჯახო მარნები გამოავლინა. ასევე, გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ საპატიო ზესტაფონლები, რომელთა შორისაც იყვნენ: კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე და “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი.
დღესასწაული “ქუჩის მუსიკოსების” კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.