ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო იმ ფრაზებს
აქვეყნებს, რომლებიც მათ მოქალაქეებმა და აკადემიურმა წრეებმა შესთავაზეს. ჩამონათვალში ტერენტი გრანელის ფრაზა ნამდვილად, არის თუმცა ის ის ტექსტი არ არის, რომელიც შეცომით კოლაუ ნადირაძეს მიაწერეს.
რადიო “ძველი ქალაქი” გთავაზობთ ფრაზების ჩამონათვალს:
მრჩეველთა საბჭომ მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფრაზებიდან შეარჩია შემდეგი :
მღელვარე ფასისი მიაგორებს ფართე ნაკადს ზღვისაკენ. აქვე დაინახავთ ქუთაიელი აიეტის ციხე-ბურჯებს და მუხაზე განფენილ ოქროს საწმისს.
აპოლონიოს როდოსელი, ძვ.წ. III საუკუნე
მშვენიერო ქუთაისო,
სავარდო და სამაისო!
აკაკი წერეთელი
წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო,
თუ მაისის ქუთაისმა გკითხოს, ვინა ხარო,
უპასუხე, რომ სუნთქვა ხარ, არ უთხრა- კი ვისი,
ისეც იგრძნობს ქუთაისი, ჩემი ქუთაისი.
გალაკტიონ ტაბიძე
როგორც დათბება, როგორც დათბება
და მზე ჩატკბება შემკულ დაისში,
უნდა აღსრულდეს რაც მენატრება-
უნდა გავფრინდე ჩემს ქუთაისში.
ირაკლი აბაშიძე
სულ მაისის სურნელია, საფირონი მოაქვს რიონს…
შენს ქუჩებში უმღერიათ აკაკის და გალაკტიონს.
ხელგაშლილი ლაღად დგახარ, თავმომწონე მასპინძელი,
ადვილია შენი ნახვა, დავიწყება არის ძნელი.
იოსებ ნონეშვილი
მხარგაშლილი და სავარდო ქუთაისი
მელხინება, ვარსკვლავებით დანარწევი.
მოველ, თმაზე მაისის რტო გადამისვი
და თეთრ ხიდზე ჩემს გაზაფხულს დავეწევი.
სიმონ ჩიქოვანი
ჩვენ ვართ სიყვარულის ქალაქი!
ლუკა ასათიანი_ქალაქის თავი, 1860-იანი წლები
ნოსტალგიის ძებნაში თეთრ ხიდზე აღმოვჩნდი…
რეზო გაბრიაძე
მეცხრამეტე საუკუნის ქუთაისი ეს არის ისტორიის უცნაური ნასკვი, ამ მშვენიერი ადგილის მოულოდნელი დაბრუნება ხმელთაშუაზღვისპირეთში, ყოველგვარი ზღვის გარეშე.
აკა მორჩილაძე
ქუთაისო,ხელგაშლილო, მასპინძელო მარადა,
საქართველოს ქალაქების თმაჭაღარა თამადავ !
ოთარ მამფორია
ქუთაისო- ნატვრისთვალო, ეს მზე მარად გფარავდეს.
ოთარ მამფორია
ჩემი რიონი და თეთრი ხიდი
ჩემი ჭაღარა ქუთაისია.
ლილი ნუცუბიძე
მაშ, გაუმარჯოს ბებერ ქუთაისს,
საიმერეთოს ლამაზ დედოფალს.
ლილი ნუცუბიძე
ქუთაისი ისეთივე ძველია, როგორც თავად ეს სამყარო, რადგან მისი ისტორია იწყება იქ, სადაც კაცობრიობის თავგადასავალი დაიწყო.
დათო ტურაშვილი
ქვეყნად სუყველას რომ დავავიწყდე
მე ჩემს ქუთაისს მოვენატრები!
ნუგზარ ერგემლიძე
ქუთაისო,ქუთაისო,
შენთან არის გული ჩემი!
დავით კვიცარიძე
ფრაზები, რომლებსაც გთავაზობთ აკადემიური წრეებიდან:
ქუთაია ქალაქია. ითქმის აგრეთვე ქუთაისისა.
სვიდას ენციკლოპედიური ლექსიკონი, Xს.
აიეტის ქალაქ ქუთაიაიაში, ოქროს დარბაზებში, ძევს ჰელიოსის სხივები.
მიმნერმე_ბერძენი პოეტი-ელეგიკოსი, ძვ.წ. VII-VIს.
მოხირისის მხარეს ჩამოუდის ერთი მდინარე, სახელად რეონი; მის სანაპიროებთან ძველადვე კოლხებს აუგიათ ციხე… მაშინ ამ ციხეს კოტაიონს უწოდებდნენ ელინურ ენით, ამჟამად კი მას ლაზები ქუთათისს ეძახიან…
პროკოფი კესარიელი
მშვენიერი ქუთაისი
თვით სამოთხის სადარია…
აკაკი წერეთელი
ჭაღარავ და სულ ჭაბუკო,
სულ რაინდო ქუთაისო!
საუკუნეს სძინავს მრავალს
შენს ძველ ქვებში, მზის ქალაქო…
გიორგი ლეონიძე
მიხარია და მადლობა უფალს, რომ მეღირსა ქუთაისის ნახვა.
ტერენტი გრანელი
ქუთაისი იყო ქართველი დეკადენტური ახალგაზრდობის მონმარტრი…
ირაკლი აბაშიძე
არა, არ ჰგავხარ მარტო ქუთაისს,
ხარ რაც მინახავს იმაზე მეტი…
პაოლო იაშვილი
საოცნებოა ქუთაისი საფირონ ქარში…
ვალერიან გაფრინდაშვილი
სადაც არ უნდა წავიდე,
უკან მიხმობს და მიზიდავს:
ვისაც და რასაც ვუყურებ,
ვუყურებ ქუთაისიდან.
ვახტანგ ჯავახაძე
ქუთაისში ტრადიციამ აჯობა სიმდიდრესა და უგემოვნებას…
რეზო ჭეიშვილი
შენიშვნა: ფრაზების შერჩევის დროს ორიენტირად გამოვიყენეთ კლასიკოსთა გამონათქვამები და ბერძნულ-რომაულ წყაროებში მოხსენიებული ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.
რეკომენდაციები:
1. ფრაზების დასაწერად კარგი იქნება გამოვიყენოთ სხვადასხვა კალიგრაფიული შრიფტი, სადაც უნდა ჩანდეს ქართული დამწერლობის უნიკალურობა.
2. მნიშვნელობა აქვს ფრაზების განლაგების დროს ქრონოლოგიას.
ფრაზები შერჩევაში მონაწილეობდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ლუკა დვალიშვილი, ზეინაბ კიკვიძე, ნინო ჩიხლაძე, ნესტან კუტივაძე.
“ქუთაისი ისევ რჩება უქართულეს ქალაქად,
პოეზიის, სიმღერის და იუმორის ალაგად”.
ნესტან კვეიძე
“თეთრი ხიდი, თეთრი ქვები,
თავის აის-დაისით,
აქ გამვლელნი იწონებე
თავსა სიდარბაისლით”.
ნესტან კვეიძე
“ხიდი, ადამიანის გულებთან მისასვლელი ხიდი”
ავთო ავალიანი (ბაჩუ)
“ქართული სიტყვის დედაქალაქო!
ო, როგორ მინდა გელაპარაკო”.
მიხეილ ქვლივიძე
“ქუთაისო, სინათლევ და სიყვარულო ჩემო”
ცირა შალაშვილი
“აქ ისმებოდა სადღეგრძელო ცისფერ ყანწებით,
აქ ტიტანების შერკინება აპობდა ნიავს.”
ლია გვენეტაძე
” მე განახლებულს ვხედავ ქუთაისს,
ვუცქერ ყველაფერს ახალი განცდით:
ნაცნობ მდინარეს, ქუჩას და დაისს,
ჩემთვის რომ იყო ნამდვილად განძი”.
ვალერიან გაფრინდაშვილი
“ხან წვიმიან, ხან ქარიან შენს ქუჩებში,
დღეებს ტკბილი ოცნებებით უვლია,
მზესავით რომ ჩახჩახებს და ასე ბრწყინავს,
სხივჩამდგარი შენი თბილი გულია”.
ჯანიკო გაბუნია
შეგახსენებთ, ქუთაისში ახალდრეაბილიტირებული თეთრი ხიდი კვლავ ყურადღების ცენტრში მოხვდა. ამჯერად ყურადღება მასზე დაწერილმა ლექსის სტროფმა მიიპყრო. ერთ-ერთ ლითონის ფირფიტაზე ამოტვიფრული ლექსის ავტორად კოლაუ ნადირაძე წერია. ნაწყვეტი კი ლექსიდან “აღსარებ ქუთაისს” არის, რომელიც ტერენტი გრანელს ეკუთვნის.