“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრი, გიგა შუშანია
ქუთაისის მერის პორტრეტის ავტორის, მხატვარ ლევან გოგიტაძის მიერ გავრცელებულ ახსნა- განმარტებას ეხმაურება. გიგა შუშანია მერიასა და მხატვარს საპირისპირო განცხადებების გავრცელებაში ადანაშაულებს, რის მიხედვითაც სადაოა საკითხი, თუ ვისი დაფინანსებით გაემგზავრნენ მხატვრები იტალიაში.
“განმარტება ჭიღვარიას სურათის გამოფენის შესახებ. ეს ინფორმაცია 26 აგვისტოს (გამგზავრების წინ მხატვრებთან შეხვედრაზე) გაავრცელა ქუთაისის მერიის და გიორგი ჭიღვარიას ოფიციალურმა გვერდმა, სადაც წერია რომ მხატვრები იტალიაში ქუთაისის მერის მხარდაჭერით მიემგზავრებიან, რომ საბჭოთა პერიოდის შემდეგ, თურმე, ბატონმა ჭიღვარიამ გაიღო მაქსიმუმი მათ გასამგზავრებლად.
ახლა, ბატონი ლევანის სტატუსით აღმოჩნდა, რომ ბატონი ჭიღვარია და მერიის პრესსამსახური, თურმე, იტყუებოდნენ და მხატვრები ვალებით წასულან იტალიაში. ჭიღვარიას ადგილზე მართლა შემრცხვებოდა ასეთი ტყუილისთვის. ჯერ რომ გავარდი მერიის დელეგაციასთან ერთად საკუთარი სურათის გამოფენაზე და კეკლუცობდი იქ მთელი ქვეყნის სამასხარაოდ. ის თანხა, რაც მერის, ვიცე-მერის, საკრებულოს წევრისა და სხვა თანამშრომლების გამგზავრებაზე დაიხარჯა ბილეთის ფულად მაინც ეყოფოდა ამ მხატვრებს. სახელმწიფოსგან მხარდაჭერა კი არა, მხოლოდ ხელის შეშლა გვქონდაო- ბრძანებს ბატონი ლევანი.
საბოლოოდ, ამ ისტორიიდან საქვეყნოდ დასაცინი და მატყუარა მერი და ვალში გადავარდნილი მხატვრები შეგვრჩა, რაც შენი სირცხვილია ბატონო მერო.
განმარტებისთვის მიმაჩნია, რომ კარგია მხატვრების უცხოეთში ვიზიტი, უფრო მეტიც, მიმაჩნია, მხატვარს აქვს უფლება, ვინც უნდა ის დახატოს. სამარცხვინო იყო მერის გაქცევა საკუთარი სურათის გამოფენაზე და იქ კეკლუცობა და მერე მისი და მერიის რეაქციები ამ თემაზე,”-ნათქვამია გიგა შუშანიას მიერ გავრცელებულ პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისელ მხატვართა ჯგუფი კოზენცაში 26 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდა და ვორქშოპში იღებდა მონაწილეობას.