ქუთაისში, ჭომის დასახლებაში, პეტრე იბერისა და დავით და კონსტანტინეს ქუჩებზე
მცხოვრებლები სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების დამონტაჟებას ითხოვენ. მოქალაქეები გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე საუბრობენ. მათივე თქმით, ერთ-ერთი ავარიის დროს დაზიანებული ჯებირი ჯერ კიდევ შეუკეთებელია და ადგილი მხოლოდ და მხოლოდ ლენტითაა შემოღობილი.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ მერიაში განცხადება ივლისის თვეში დაარეგისტრირეს, თუმცა, პასუხი ჯერ არ მიუღიათ და არც პრობლემა მოგვარებულა.
ქუთაისის ვიცე-მერის ნინო თვალთვაძის განცხადებით, სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები სკოლებთან და ბაღებთან მონტაჟდება. თვალთვაძის თქმით, მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. მისივე განმარტებით, ბარიერების დამონტაჟება რთული პროცესია, იჭრება გზა და მათი დაზიანების შემთხვევაში ახალი ორმოულები ჩნდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, მოსახლეობამ თვითმმართველობასთან ერთად, საგზაო დეპარტამენტსა და შსს-საც უნდა მიმართოს. რაც შეეხება ჯებირის მოწყობას, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილის მირზა ხიდაშელის თქმით, დაზიანებული ჯებირი ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულს უნდა აღედგინა. მისივე განმარტებით, შეთანხმება მიღწეული იყო და მერიამ მისი გადაუდებელი წესით შეკეთების პროცესი შეაჩერა.