ქუთაისის საქალაქო სასამართლომ
ყოფილი მეუღლის სისტემატურ შეურაცხყოფაში და ყოფილი სიდედრის ავტომანქანის დაზიანებაში ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში და ყოფილი მეუღლის დედის ავტომანქანის დაზიანებაში ბრალდებული ნ.ფ. დამნაშავედ ცნო.
“სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის აპრილიდან ნ.ფ. სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.გ.-ს როგორც თანაცხოვრების პერიოდში, ისე მასთან დაშორების შემდეგაც.
სასამართლოში ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 20 აპრილს, ღამის საათებში, ნ.ფ.-მ შურისძიების მოტივით, ცეცხლი წაუკიდა და დააზიანა ყოფილი მეუღლის დედის ს.გ.-ს კუთვნილი ავტომანქანა, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
სამართალდამცველებმა ნ.ფ. 2018 წლის 29 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია) და 111 187-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნ.ფ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.