ქუთაისის მადლიერების სახლის ბენეფიციარები ლაბორატორიულ შემოწმებას არ ენდობიან.
უფასო კვებითი პროგრამით მოსარგებლეები აცხადებენ, რომ მათ საკვებში თაგვის ექსკრემენტები იპოვეს და არა ბარდის მარცვალი. მათივე განმარტებით, ლაბორატორიაში “მადლიერების სახლმა” სხვა მასალა გაგზავნა.
“მასალა ჩვენ თვალწინ უნდა გაეგზავნათ. დარწმუნებული ვარ, სხვა რაღაც გაგზავნეს. ჩვენ საკვებში თაგვის ექსკრემენტები ვიპოვეთ,”-განაცხადა “მადლიერების სახლის” ბენეფიციარმა მირანდა ნემსიწვერიძემ.
რაც შეეხება საკვების ხარისხსა და ადმინისტრაციის მხრიდან უხეშად მოპყრობას, ბენეფიციარები განმარტავენ, რომ სიტუაცია შედარებით გაუმჯობესებულია.
“რაც სურსათის ეროვნული სააგენტო შევიდა ობიექტზე მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. უფრო სუფთად აკეთებენ საკვებს,”-აცხადებენ ბენეფიციარები.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის “მადლიერების სახლის” ბენეფიციარები სანიტარული ნორმების დაცვით მომზადებულ საკვებს ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ საკვებში თაგვის ექსკრემენტები აღმოაჩინეს.