ქუთაისის მადლიერების სახლში არსებული სანიტარული მდგომარეობა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა.
კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტი დაიხურა, თუმცა მუშაობა სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილმა სასადილომ მალევე გააგრძელა. რა დარღვევები აღმოაჩინა სეს-მა მადლიერების სახლში და იყო თუ არა შესაძლებელი მათი გამოსწორება მოკლე პერიოდში? რადიო “ძველი ქალაქი” სურსათს ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ სამმართველოს წარმომადგენელს ესაუბრა.
“აღმოჩენილი იყო რამდენიმე ბუზი და ტარაკანი. მადლიერების სახლის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ სადეზინფექციო სამსახურს და პრობლემა აღმოიფხვრა. გარდა ამისა, ჭურჭელი კოროზირებული და მაგიდების ზედაპირები დაზიანებული იყო, ვერ ხერხდებოდა მის სრულყოფილად რეცხვა და დეზინფექცირება,”-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის სამმართველოს წარმომადგენელმა ფიქრია ჭლიკაძემ.
როგორც სამმართველოს წარმომადგენელი განმარტავს, რადგან ობიექტი მომსახურებას 650-მდე ბენეფიციარს უწევდა, ადმინისტრაცამ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრა დაუყოვნებლივ დაიწყო.
“ადმინისტრაციამ დაუყოვნებლვ დაიწყო კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრა. სურსათს ეროვნულმა სააგენტომაც იმუშავა არასამუშაო საათებში. მოვახდინეთ გადამოწმება, იყო თუ არა კრიტიკული შეუსაბამობები აღმოფხვრილი. გადამოწმების დროს აღმოფხვრილი დაგვხვდა პრობლემები და ობიექტსაც მიეცა მუშაობის უფლება,”-განაცხადა ჭლიკაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მადლიერების სახლის ბენეფიციარები სანიტარული ნორმების დაცვით მომზადებულ საკვებს ითხოვენ. უფასო კვებითი პროგრამით მოსარგებლეები განმარტავენ, რომ მათთვის განკუთვნილი კერძები სანიტარული ნორმების დარღვევით მზადდება.
როგორც მადლიერების სახლის ბენეფიციარები ყვებიან, ისინი ადგილიდან წამოღებულ საკვებს ყრიან და საკვებად მხოლოდ პურს იყენებენ. მათივე თქმით, ხელისუფლება თანხას ტყუილად ხარჯავს.