საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
ტყიბულში 5 აპრილს მომხარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 23 -26 აპრილის პერიოდში, შრომის დაცვის სფეროში უცხოელი ექსპერტების მიერ მინდელის სახელობის შახტაში ჩატარდა კვლევა, რომელსაც მომხდარის მიზეზები უნდა დაედგინა. საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, ტყიბულის შახტში 5 აპრილს მომხდარი ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება.
“მოკვლევის ფარგლებში განხილული იყო მინდელის სახელობის შახტაში ქვანახშირის მოპოვების სამთო-გეოლოგიური და სამთო ტექნიკური პირობები, 2018 წლის 5 აპრილს ღამით მომხდარი ავარიის წარმოშობის გარემოებები და მიზეზები, შესრულდა სამთო გამონამუშევრებისა და ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის ავარიული უბნის შესწავლა.
მოკვლევის შედეგად მომზადდა 21 გვერდიანი დასკვნა, რომელიც ნაწილობრივ იძლევა პასუხს მთავარ კითხვაზე – თუ რა გახდა შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი.
აღსანიშნავია, რომ დასკვნა არ არის სრულყოფილი გამომდინარე იქიდან, რომ მკვლევარებს დასახული ამოცანების გადაწყვეტის პროცესში ხელს უშლიდა საწარმოში გარკვეული დოკუმენტების არ არსებობა, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოღებულია საგამოძიებო ორგანოების მიერ, ხოლო პირველადი ინფორმაციის ნაწილი და სამთო სამუშაოების წარმოების ცალკეული პარამეტრები, რომელთა საფუძველზეც ანგარიში მომზადდა, მოპოვებულია ზეპირი ფორმით საწარმოს ოფიციალური წარმომადგენლებისაგან, კონსულტაციური შეხვედრების მიმდინარეობის დროს და უბედური შემთხვევის ადგილის დათვალიერებით.
ამას გარდა ობიექტური მიზეზის დადგენის მიზნით ექსპერტებისთვის მნიშვნელოვანია გამოძიების მასალები, მათ შორის: თვითმხილველების ჩვენებები და სამედიცინო და ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები, რათა ზუსტად დადგინდეს რა სახეობის დაზიანებები აქვთ მიღებული, როგორც გარდაცვლილებს ისე დაშავებულებს- დამწვრობები, მექანიკური დაზიანებები თუ ორივე ერთად. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ხელისშემშლელი ფაქტორებისა, ანგარიშით იკვეთება მნიშვნელოვანი საკითხები, დასკვნის შედეგად შეიძლება დასკვნების გაკეთება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზები არ უნდა ვეძებოთ სამთო დარტყმასა და სხვა ბუნებრივ მოვლენებში, არამედ უფრო მეტად იკვეთება ადამიანური გადაცდომის შესაძლებლობები ნახშირმოპოვებითი უბნის მომზადების, სავენტილაციო და შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვის, შრომის ორგანიზების, საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების და ა. შ. პროცესებში.” – წერია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ნახშირმომპოვებელ უბანზე ავარიამდე ცვლაში მომუშავეებზე გაიცა საამფეთქებლო მასალები შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად. ავარიის შემდეგ კი უბედური შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად, ადგილზე ასაფეთქებელი მასალის მხოლოდ მცირე რაოდენობა იქნა აღმოჩენილი, რაც იმ ვარაუდის საფუძველია, რომ ბრიგადის მიერ საამფეთქებლო სამუშაო შესრულდა.
“გამოძიების მიერ დასადგენია, რამდენად სწორად იქნა სამუშაო ჩატარებული, რადგან უკრაინელ ექსპერტთა ვარაუდით ავარიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა სწორედ საამფეთქებლო სამუშაოების არასწორად განხორციელება ყოფილიყო. ასევე დასადგენია, იმ დროს, როდესაც ცვლის შეცვლის პერიოდი არ იყო, ყველა გარდაცვლილი და დაშავებული მეშახტე რატომ იმყოფებოდა ერთ კონკრეტულ ადგილზე. გამოძიებას ექნება საშუალება ნახოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით – ის ფაქტი, გარდაცვლილებს აღენიშნებათ მხოლოდ მექანიკური დაზიანებები თუ ამასთან ერთად აქვთ დამწვრობის კვალიც, საგრძნობლად დაავიწროებს მომხდარის სავარაუდო ვერსიების რაოდენობას. მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა რეკომენდაციით ნახშირის მომპოვებელ შახტებზე, გარდა მეთანის და სხვა აირების ეპიზოდური ინდიკაციის ტექნიკური საშუალებებისა, უნდა არსებობდეს აირების კონცენტრაციის მუდმივ რეჟიმში ინდიკაციის და რეგისტრაციის სტაციონარული სისტემა, ასევე უნდა არსებობდეს საამფეთქებლო და სხვა სამუშაოების წარმოების დისტანციური კონტროლის მექანიზმი, ასევე აუცილებელია, რომ მუდმივ რეჟიმში ხდებოდეს დისპეტჩერისა და ცვლის პერსონალის სატელეფონო საუბრების აუდიო ჩაწერა. მომხდარი საწარმო შემთხვევის შემდეგ, კონკრეტულად შემთხვევის ადგილიდან ხმოვანი და ტექნიკური ინფორმაციის მიღების მიზნით, კარგი იქნებოდა ზოგიერთი უცხოური პრაქტიკის გაზიარება და ე.წ. ,,მეხსიერების მყარი ყუთების” დამონტაჟება მიწისქვეშა სამუშაოების წარმოების ადგილებში.” – წერია განცხადებაში.
მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, პროფკავშრები ხელისუფლებას შრომის უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემის შემუშავებას სთხოვენ. “ექსპერტებმა შახტის ადმინისტრაციას უკვე გადაუგზავნეს რეკომენდაციების ნუსხა, რომელთა ნაწილის შესრულებაც კომპანიამ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით უკვე დაიწყო – დამონტაჟდა და ექსპლოატაციაში შევიდა აირების კონცენტრაციის მუდმივ რეჟიმში ინდიკაციის და რეგისტრაციის სტაციონარული სისტემა, ასევე საამფეთქებლო და სხვა სამუშაოების წარმოების პროცესში დასაქმებულთა გადაადგილების დისტანციური კონტროლის მექანიზმი, ექსპერტთა რეკომენდაციები ძირითადად მოიცავს შრომის უსაფრთხოების ნორმების კიდევ უფრო გამკაცრებას და სტანდარტების გაძლიერებას.” – წერია განცხადებაში.