ქუთაისის მადლიერების სახლის ბენეფიციარები უხარისხო საკვების შესახებ საუბრობენ.

 

უფასო კვებითი პროგრამით მოსარგებლეები განმარტავენ, რომ მათთვის განკუთვნილი კერძები სანიტარული ნორმების დარღვევით მზადდება. ბენეფიციარების თქმით, ხარვეზები მადლიერების სახლში დიდი ხნის განმავლობაში ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში მდგომარეობა გართულდა.

“პრობლემები ამ დრომდეც იყო, მაგრამ არ ვამბობდი. კატლეტში ვნახე თმა, მაგრამ არაფერი მითქვამს. ახლა საკვებში თაგვის ფეკალიები ვნახეთ. მეზობელმა საკვებში ბუზი ნახა,”-ამბობს ერთ-ერთი ბენეფიციარი.

უფასო კვებითი პროგრამით მოსარგებლეები ხარისხიან საკვებს ითხოვენ.

“გვინდა ნორმალური საჭმელი. ზოგ კერძს ტომატი არ აქვს, ზოგში ხახვი დიდაა დაჭრილი. გვითხრეს, მაგას ჩვენც ვჭამთო და ღმერთმა შეარგოთ, ჩვენ ნორმალური საკვები მოგვცენ,”-ამბობენ ბენეფიციარები.

როგორც მადლიერების სახლის ბენეფიციარები ყვებიან, ისინი ადგილიდან წამოღებულ საკვებს ყრიან და საკვებად მხოლოდ პურს იყენებენ. მათივე თქმით, ხელისუფლება თანხას ტყუილად ხარჯავს.

მადლიერების სახლის პროგრამით მოსარგებლეები განმარტავენ, რომ მათ პრეტენზიით ადმინისტრაციას რამდენჯერმე მიმართეს. მათივე თქმით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისაგან საპასუხოდ აგრესია და შეურაცხოფა მიიღეს.

“სამზარეულოში უფროსი მოვითხოვეთ. კვების მენეჯერმა შეურაცხყოფა მოგვაყენა. გვითხრა, სახლში შენ ნორმალურად აკეთებ საჭმელსო? თუ ვაკეთებ, სუფთად მაინც ვაკეთებ. მოგვმართავენ, თქვე მათხოვრებო, საჭმელს გაჭმევთ და მადლობლებიც არ ხართო,”-ამბობენ ბენეფიციარები.

მადლიერების სახლის ბენეფიციარებმა სიტუაციის მოსაგვარებლად ქუთაისის ვიცე-მერს იუზა უგულავას მიმართეს. ბენეფიციარები ამბობენ, რომ მერიაში საკითხის შესწავლასა და პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ.

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით,  “მადლიერების სახლის” ბიუჯეტად  620  ათასი ლარია განსაზღვრული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *