ქუთაისში ახალი საწარმო MCMtext-ი გაიხსნა,
რომელიც H&M-ის პროდუქციის წარმოებას დაიწყებს.
“კომპანია გეგმავს მოლაპარაკებებს ZARA-სთან და UNITED COLORS OF BENETTON-თან. საწარმოში ძირითადად ქალბატონები არიან დასაქმებულები. კომპანიის ნაწარმი ექსპორტზე იქნება მიმართული, რაც ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია,”-განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვიოლმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიაში პირველ ეტაპზე 130 ადამიანია დასაქმებული. ორ თვეში საწარმოში თანამშრომელთა რაოდენობა 250-მდე გაიზრდება. როგორც საწარმოში აცხადებენ, წლის ბოლოს MCMtext-ს დამატებით 400 დასაქმებული ეყოლება.
“ემჯიემტექსი” ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილი საწარმოა, სადაც ჯამში 7 000 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება და მისი ნაწარმი ძირითადად ექსპორტზე იქნება მიმართული. ინვესტიციის მოცულობა, საწყის ეტაპზე, 2 000 000 ლარს შეადგენს, ხოლო შემდეგ კომპანია დამატებით 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.